გზას აცდენილი სატყეო რეფორმები
October 15, 2010 at 2:26 pm Leave a comment
ღია წერილი საქართველოს ბუნების ყველა ჭეშმარიტ ქომაგსა და მოამაგეს
პირველ რიგში, საქართველოს მეტყევეთა საზოგადოებისა და საქართველოს მეტყევეთა ასოციაციის წევრები, მეტყევე სპეციალისტები ერთხმად უერთდებიან იმ ხელმომწერებს, რომელიც სპეციალური განცხადებით განახორციელეს საქართველოში მოქმედმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საკითხი ეხება უპრეცენდენტო მოვლენას – თბილისის გარშემო გაადგილებული ტყის ფონდის მიწების საკმაოდ შთამბეჭდავი ფართობების გადაცემას ქალაქის საკრებულოზე, მისი სტატუსის შეცვლით, ან მოკლედ, რომ ვთქვათ ტყის კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მოტივაციის საფუძველზე ტყის რესურსების მფლობელობის შეცვლას, რომელსაც აუცილებლად მოყვება გამოუსწორებელი ეკოლოგიური ზიანი და დასაბამი მიეცემა, რათა დროის მოკლე პერიოდში ამგვარი რეკრეაციულიმიზნებისათვის ტყის ფონდის გადაცემის მოთხოვნას სხვა სხვა ქალაქის საკრებულოების მიერ. რატომაც არა, ქვეყანაში უკვე რამოდენიმე წელია საერთოდ მოიშალა ტყის მართვის და მეურნეობის წარმოების ტრადიციული სისტემა.
სატყეო მეურნეობის დარგის სრულმა დანგრევამ, მეტყევეთა ტყიდან მასიურად ”გამოდევნამ” თუ რა სიკეთე მოიტანა, შედეგები სახეზეა: ტყის დაცვითი ფუნქციების სრული მოშლა, რასაც გაუტავებელი, წლის თითქმის ყველა პერიოში წარღვნები, წყალდიდობები, ღვარცოფები და ა.შ მილიონობით ლარის ზარალი მოიტანა და მოაქვს ეროვნული მეურნეობისათვის, ხალხისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის. თუმცა მართულობს სატყეო საკითხებზე ევროგაერთიანების და სხვა დონორების გრანტების მოცულობა, რომელშიც ამ შემთხვევაშიც მეტყევეების მონაწილეობა მიზერულია ან სრულიად არ არის: რაც მთავარია გრანტი ხორციელდება და მისი შედეგების ეფექტიანობა არავის არ არინტერესებს.
სატყეო დარგი, რომელიც საბაზრო რეფორმების მხრივ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში უდაოდ ლიდერი იყო, სრულიად აცდა არსებულ კურს. შედეგმაც არ დააყოვნა და სატყეო ფაკულტეტი, რომელიც დროის ყველა პერიოდში ერთ-ერთი პერსპექტიული იყო 2010 წელს ჩარიცხული სტუდენტების რიცხვით გაუქმების პირას დადგა. ეს სატყეო განათლების ბრალი კი არა, სატყეო დარგის კრახის შედეგია, ყველა დონეზე ვამაყობთ, რომ საქართველოს ტყეები ქვექნის სიამაყე და მომავალში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ საუბედუროდ, ეს მხოლოდ დეკლარირებულ სიტყვებად რჩება. ტყის რესურსები წლიდან წლამდე ჩანაგდება და თავის ფუნქციას კარგავს.
დღეს მსოფლიოში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაშიც კი არსებობს სატყეო დარგის განვითარების პოლიტიკა, სტრატეგია თუ ტაქტიკა, თანამერდოვე დონეზე მომქმედი ტყის კანონმდებლობა, რომელიც მკაცრად ხორციელდება. გამონაკლისი ჩვენ ვართ, ბუნების მართლაც, რომ ისტორიულად მოყვარული ერი. ჩვენ არც სატყეო პოლიტიკა და არც მკაცრად დაცული კანონმდებლობა გვჭირდება; უნდა ვმართოთ ტყის რესურსები ზერელედ და წინდაუხედავად, მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად. ბატონებო სად არის ტყეების მდგრადი მართვისა და ტყითსარგებლობის პრიციბებზე აგებული მეურნეობის გაძღოლის სისტემა, რომელიც შესრულების ვალდებულება არაერთ საერთაშორისო დონეზე ხელმოწერით აქვს აღებული ქვეყანას.
- რატომ არის აცდენილი გზას საქართველოს სატყეო რეფორმები? იმიტომ, რომ:
• არსებული სახით ჩამოყალიბდა დარგის ინსტიტუციონალური მართვის ყოვლად მიუღებელი სისტემა;
• დაინგრა სატყეო მეურნეობის გაძღოლის ტერიტორიული პრინციპები;
• დაუშვებელი პრინციპებით და მეთოდებით ხორციელდება საკადრო და დარგის მეცნიერულ საფუძველზე განვითარების პოლიტიკა;
• წინასწარი პირობების მხედველობაში მიუღებლად აღებულია ტყის მერქნული რესურსების საკონცესიო წესით გაცემის (49 წელი) კურსი;
• არ ხორციელდება არცერთი სახელმწიფო პროგრამა (ტყის დაცვა, აღდგენა – განახლება), რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ტყის მეურნეობის წარმოება.
• დაუსაბუთებლად და საჭიროების გარეშე სატყეო დეპარტამენტის ტყის სააგენტოდ გადაკეთება, ანუ ”აბრის შეცვლა”;
• მავანთა მეცადინეობით, მეტყევეთა პრესტიჟი მიწასთანაა გასწორებული: შედეგად უფრო ”კვალიფიცერებული” სპეციალისტები დაასაქმეს, რომელთა დაპატიმრებებსაც და პასუხისგებაში მიცემას, ე. ი. კორუფციას ბოლო არ უჩანს;
• მასიურად წარმოებს ტყის კანონმდებლობის დარღვევა, ან ყოველგვარი წინასწარი განხილვებისა და საჯაროობის გარეშე შეცვლა;
• სატყეო დარგი აღიარებულია ბიუჯეტის შევსების წყაროდ ისე, რომ არ იხარჯება მისი აღწარმოებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსები, ან საერთოდ გროშიც კი არ იხარჯება;
კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ყოველგვარ კანონიერებასაა მოკლებული თბილისის შემოგარენში არსებული ტყის მიწების გადაცემა სამართავად თბილისის მერიაზე, რომელიც ისტორიულად ისედაც მწვანე ზონის ტყეებს მიეკუთვნებიან და ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადაცემას კანონმდებლობით არ ექვემდებარება. ამ ქმედებით საფრთხეში ვარდება ქართველი მეტყევეების ოფლით და გარჯით გაშენებული ხელოვნური ტყეების ბედი, რომლის განხორციელებისათვის მათ საქართველოს სახელმწიფო პრემია აქვთ მოპოვებული.
უპატრონობის გამო ტყის სტატუსი და მფლობელი კი არ უნდა შეეცვალოს, არამედ უფრო პატიოსანი და კვალიფიცირებული შემსრულებელი გამოინახოს, ანუ შეიცვალოს არა ”ლოკომოტივი”, არამედ ”მემანქანე”. რაც უმთავრესია გზას აცდენილი სატყეო რეფორმები სწორ რელსებზე უნდა დადგეს და ისე იმოძრაოს.
საქართველოს მეტყევეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი,
მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი
თეიმურაზ კანდელაკი
resonancedaily.com
Entry filed under: ეკო-ლოგიკა. Tags: .





Trackback this post | Subscribe to the comments via RSS Feed