Archive for ივნისი, 2010

ვანომ პარკი გაჩეხა, მერიასა და გამგეობაში ბოდავენ!

წარმოიდგინე, ქუჩაში მიდიხარ და ხედავ, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე პარკს მუშები შესევიან, ხეებს ჩეხავენ… თვალებს არ დაუჯერებ? რატომ? შენ მხოლოდ დედაქალაქის გამწვანების აქციების გჯერა, როცა ნერგებს მიწას მიაყრიან და კაბინეტებში ბრუნდებიან? ფაქტია, რომ  გურამიშვილის გამზირზე, პირდაპირ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს წინ ნაძვები და ფიჭვები უმოწყალოდ გაკაფეს! ცხადია, პოლიციის შენობის წინ ამდენი ხალხი თავისი ინიციატივით არ მივიდოდა და პარკს არ გაჩეხავდა.ეს არ იყო პატარა სკვერი, ერთი ან ორი ხე კი არ მოუჭრიათ. ნარგავები საკაოდ დიდ ფართობზე გაანადგურეს. გაზაფხულობით ეს ადგილი იებით იფარებოდა და ხეებზე ციყვები დახტოდნენ, მაგრამ ციყვები ვის დაჰკარგვია, როცა საქმე გაცილებით „დიდ მიზნებს“ ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა არაპოპულარულ ნაბიჯს სიბნელეში, შუა ღამით დგამენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, ხეების გაჩეხვა ღამის საათებში დაიწყეს… თუმცა, თანმიმდევრულად მოგიყვებით.

ბუნებრიავია, დავინტერესდი, რატომ გაჩეხეს ხეები. მე რომ ჟურნალისტური წესების თანახმად, ინფორმაციის მისაღებად, რომელიმე უწყების პრესსამსახურისათვის დამერეკა, კარგა ხანს მომიწევდა ლოდინი, ამიტომაც, ინფორმაციის მოპოვების გაცილებით მარტივ ხერხს მივმართე. როცა ხედავ, ტყეს ჩეხავენ, პირველი რა გაგახსენდება? რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრო. ამიტომაც, ამ უწყების ცხელ ხაზზე დავრეკე, თუმცა ეს ცხელი ხაზია თუ ნდობის ტელეფონი, ვერ გავიგე. თითქოს შეშფოთდნენ (ევროპასავით) და ჩვენ რა, ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ ალბათ ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, იმათ მიმართეთო… ესე იგი, თბილისი გარემოს დაცვის სამინისტროს მმართველობაში არ შედის. ამ ლოგიკით, ყველა ქალაქს თავისი მმართველი ჰყავს, ყველა სოფელს – გამგებელი და მაშინ, გარემოს დავცის სამინისტრო რას აკეთებს?!

რადგანაც გარემოს დაცვის სამინისტრო გურამიშვილის გამზირს არ იცავს, მერიის ცხელ ხაზზე დავრეკე. მერიის ცხელი ხაზის ოპერატორმა გოგონამ მომისმინა და დაასკვნა, ეს თემა ზედამხედველოს საქაქალაქო სამსახურს ეხებოდა. ინფორმაციის მისაღებად, მათთან დამაკავშირა. თუმცა, როგორც ეტყობა, „ზედამხედველები“ ისე არიან ზედამხედველობით გართულები, რომ ძალიან იღლებიან და სამსახურში დღის პირველ ნახევარში არ ცხადდებიან. ფაქტია, მათთან ზარს არავინ უპასუხა. მეტი რა გზა იყო, მერიაში კიდევ ერთხელ დავრეკე, ახლა სხვა ოპერატორმა მიპასუხა და მასაც ავუხსენი, რომ გურამიშვილზე პარკს ჩეხავდნენ.

გოგონამ უცნაური კითხვა დამისვა: „ეს სკვერი ჩვენი გაკეთებულია?“ (სიტყვა „ჩვენი“ იცით როგორი ტონით თქვა? აი, იმ ადამიანის ტონით, წელთაღრიცხვა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომ ეწყება). მას შევახსენე, რომ პარკი პარკია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ამოჩიჩქნა მიწა ხის დასარგველად, მიშამ თუ გრიშამ… კიდევ კარგი, ოპერატორი დამეთანხმა და დამპირდა, ყველაფერს გაარკვევდა. ცოტა ხანში კარგად დალაგებული და ჩამოყალიბებული პასუხი მივიღე: თურმე, ამ პარკში მდგარი წიწვოვნების მტვერი სხვა ნარგავებს მტვერავდა, რაც არ შეიძლებოდა (ეს პასუხი კარგად დაიმახსოვრეთ!).

დავინტერესდი, ვისგან მიიღო მერიის ცხელი ხაზის ოპერატორმა ესოდენ ბრძნული განმარტება, საეჭვო იყო, საკმაოდ ჯანსაღ ნაძვებსა და ფიჭვებს რამე პრობლემა შეექმნათ, მით უმეტეს, რომ ეს გამოხშირვა კი არ იყო, არამედ, ხეები პირწმინდად გაკაფეს.

ოპერატორმა გამიმხილა, რომ ასე გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში დაკვალიანეს. მეც გამგეობას დავუკავშირდი. იქ ქალბატონმა მიპასუხა, რომელსაც როგორც კი გურამიშვილის გამზირი ვუხსენე, მაშინვე დაიძახა, იმაზე რეკავენო და ჩოჩქოლის ხმა მომესმა. ქალბატონმა, ახლავეო და… მგონი მთელმა გამგეობამ იმ ვერსიის დამუშავება დაიწყო, რომლითაც მათ თავიდან უნდა მოვეშორებინე. თუმცა, ტყუილიც კი არ ეხერხებათ – მერიაში თუ ყველაფერი მტვერს დააბრალეს, გამგეობაში ახალი ვერსია შემომთავაზეს. მოპასუხედ კვლავ ეს ქალბატონი აიჩიეს (ალბათ, მდივანი იყო) და მახარეს, რომ თურმე, ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კოლექტორია შესაკეთებელი, მის გასარემონტებლად ტექნიკა ვერ შედის და ხეების გაკაფვაა საჭირო.

რა უნდა იფიქრო, როცა 5 წუთში ჩვენება იცვლება? ესე იგი, იტყუებიან! მე ვინმე კომპეტენტურთან დაკავშირება მოვითხოვე და ჩემს თანამოსაუბრე ქალბატონს ძლივს გავაგებინე, რას ნიშნავს სიტყვა კომპეტენტური. როგორც იქნა, ხანგრძლივმა ახსნა-განმარტებამ შედეგი გამოიღო და აპარატის უფროსთან, ბესიკ არველაძესთან გასაუბრების პატივი მერგო. მდივანი ქალი აშკარად ამ კაცმა დაარიგა, მანაც ზუსტად იგივე პასუხი გამცა და თანაც, პასუხისმგებლობა რომ აერიდებინა, მითხრა,  ეს გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ გამოიტანაო. ამ კომისიის წევრთან დაკავშირებაც მოვითხოვე და… აქ დაუშვეს ყველაზე დიდი შეცდომა –  კომისიის წარმომადგენელი ბეჟან ნონიკაშვილი გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. მან დამიდასტურა ინფორმაცია, რომ ხეები, რომელიც გაჩეხეს, სრულიად ჯანსაღი იყო, მანაც ისაუბრა იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე კოლექტორი გადის, თუმცა, როდესაც ამ კოლექტორს მოაწესრიგებენ,  ხეებისაგან გაცარიელებულ ადგილას პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობა უნდა აშენდეს.

აი, რატომ იყო ეს საკითხი ასეთი გასაიდუმლოებული და რატომ შეთხზეს ათასი სისულელე. ბატონი ბეჟანისაგან ისიც შევიტყვე, რომ მათი კომისიის თამჯდომარე (ეს ის კომისიაა, რომელიც ავარიული ხეების მოჭრის საკითხს წყვეტს) გამგებლის მოადილე ვალერი ნინიკელაშვილია. ნინიკელაშვილი თურმე ამ ტერიტორიაზე ღამით მიიყვანეს და ხელიც მოაწერინეს ნებართვაზე, რომ პარკი გაჩეხილიყო.

ვალერი ნინიკელაშვილსაც დავუკავშირდი.  თავიდან მას არ გავუმხილე, რომ ვიცოდი, პარკს პოლიციის შენობა როგორ ამჯობინეს. ნინიკელაშვილმაც ძალიან დამაჯერებელი ტონით დამიწყო საუბარი იმაზე, რომ აქ კოლექტორი გადის, მისი შეკეთებაა საჭირო. თუმცა, კითხვაზე, თუ რა იქნება კოლექტორის შეკეთების მერე, გამგებლის მოადგილე „გაიჭედა“. ახლა მას პოლიციის შენობა ვუხსენე, ძალიან აღელდა. მან ეს კატეგორიულად უარყო. შევაპარე, რომ ეს ინფორმაცია მისივე კომისიის რიგითმა წარმომადგენელმა მომაწოდა, ამიტომაც სხვა ტაქტიკა აირჩია, ხეების გაჩეხვის ნებართვა კოლექტორის გამო გავეცი და პოლიციის ასაშენელად კი არაო. ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რომ გამგებლის მოდგილემ არ იცის ის, რაც იციან მისმა ქვეშევრდომებმა.

და მაინც, ხომ უნდა დამეზუსტებინა, მართლა აშენდება თუ არა აქ პატრულების ახალი, გამჭვირვალე შენობა? ამჯერად, თავად პოლიციას დავუკავშირდი და…  გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარ სამმართველოში დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ მალე ახალ შენობაში გადავლენ, თან ისიც დაამატეს, რომ არაფრის გარკვევას აზრი არ აქვს, ოფიციალური დოკუმენტები წესრიგშია და ხეების გაჩეხვაც – კანონიერი. დოკუმენტებს რომ მოაწესრიგებდნენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ბოლოსდაბოლოს, აქ ხომ ვანოა მშენებელი, ის ვანო!

Advertisements

ივნისი 26, 2010 at 7:23 PM დატოვე კომენტარი

ციფრები აფრიკიდან

გატანილი გოლების რაოდენობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, რამდენიმე საინტერესო ციფრს გადავხედოთ, რომელიც აფრიკას კიდევ უფრო კარგად გაგვაცნობს!

  • აფრიკის მოსახლეობის 36% დღეში დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს.
  • აფრიკის ყველაზე მაღალი წერტილი მთა კილიმანჯაროა, მისი სიმაღლე 19 340 ფუტი, ანუ, 5, 89 კმ-ა.
  • აფრიკის მოსახლეობა მთელი დედამიწის მოსახლეობის 14%-ია.
  • აფრიკაში 53 ქვეყანაა.
  • აფრიკის მოსახლეობის მხოლოდ 31%-ს აქვს საშუალო განათლება.
  • ყოფელი აფრიკელი ქალი, საშუალოდ, 6 შვილს აჩენს.
  • აფრიკელების 44% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა.
  • აფრიკა ყველაზე მრავალენოვანი კონტინენტია, აქ 1000-ზე მეტ ენაზე საუბრობენ.
  • ბავშვების სიკვდილიანობის მიზეზი უმეტესად (80%) მალარიაა.
  • აფრიკაში ნავთობის მარაგი 114 მილიარდი ბარელია.
  • აფრიკის კონტინენტი მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა (900 000 000 ადამიანი).
  • აფრიკაში მსოფლიოს მიწისზედა მტკნარი წყლის მარაგის 6%-ია.
  • აფრიკის ყველაზე დიდი ტბის, ვიქტორიას ფართობი 26 828 კვადრატული მილი, ანუ 69 484 კვადრატული კილომეტრია.
  • აფრიკაში 80 სამხედრო გადატრიალება წარმატებით განხორციელდა.
  • მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 671 $-ია.
  • აფრიკაში ტელეფონის 53 მილიონი აბონანტია.
  • აფრიკაში 44,3 მილიონი ინტერნეტმომხმარებელია.
  • კონტინენტის სანაპირო ხაზი 16 100 მილი, ანუ 25 910 კილომეტრია.

ივნისი 20, 2010 at 11:11 AM დატოვე კომენტარი

გარემოს დაქცევის ინსპექცია

გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძეს, საკუთარი უწყების თანამშრომლების „კარგი მუშაობის“ გამო, ამდენი მიკროფონის თანხლებითა და შეშფოთებული სახით ეთერში გამოჩენა ძალიან ხშირად უწევს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონული ბიუროების თანამშრომლები დააკავეს.  სამართალდამცავებმა უწყების თანამშრომლებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი უწოდეს, ანუ პირდაპირ გვითხრეს, რომ გარემოს დაცვის ინსპექციაში ბანდიტები დანავარდობდნენ.

გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის, დასავლეთ-ცენტრალური, სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროსა და მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლები ვინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში ქრთამს იღებდნენ და ვინც ფულს გადაიხდიდა, ხე-ტყის გაჩეხვისა და გაყიდვის უფლებას უპრობლემოდ აძლევდნენ.

„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია არის ის იშვიათი გამონაკლისი ქვეყანაში, სადაც მასობრივად არის კორუფციის ფაქტები, რაც საჭიროებს დროულად მოგვარებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს  მოკლევადიანი და გრძელვადიანი ქმედებები. დღესვე მივდივარ სამივე რეგიონში, სადაც ეს კანონდარღვევები გამოვლინდა. თანამდებობას დატოვებს ჩვენი რეგიონული უწყების ხელმძღვანელობა“ – განაცხადა გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ.
გიორგი რუხაძეს, რამაზ ნემსაძეს, გელა ჩხაიძეს, როსტომ შარვაშიძეს, გოჩა დავითაძეს, დავით გორაძეს,  გოგი ბჟალავას, გიორგი ხუნჯგურუას, ზაზა დვალიშვილს, მამუკა ჭკადუასა და გოჩა ჯაბაშანურს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დიდი ხანია ამბობენ, რომ თანამშრომლების დაპატიმრების ტენდენციით ლიდერ მინისტრ გოგა ხაჩიძესაც მოუწევს პასუხისგება და მას მინიმუმ, მინისტრის პორტფელს ხელიდან გამოაცლიან… მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, რა ეშველება ქართულ ტყეს, რომელსაც გარემოს დამცვლელები კი არა, დამქცევები შესევიან.

ივნისი 14, 2010 at 8:44 PM 1 comment

პოლიტიკოსები მტრედებს ჰგვანან, ახლოს რომ არიან, შენი ხელიდან კენკავენ, აფრინდებიან და თავზე გასკინტლავენ!

მგონი, ეს პოლიტიკური იუმორი ახლა ძალიან აქტუალურია, მით უმეტეს, ახალი საკრებულოების პირველ სხდომებს ველით. ცოტა ხნის წინ, პოლიტიკოსები გარშემო მტრედებივით გვეხვეოდნენ და… პრინციპში, საკენკს აქეთაც კი გვიყრიდნენ.  ახალ საკრებულოებში სახელისუფლებო გუნდის წევრები ხომ გავიდნენ და გავიდნენ, მაგრამ ოპოზიციონერებიც გაძვრნენ. ამით დაკმაყოფილდნენ,  წაგებას ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდნენ და გვითხრეს, რომ ოლიმპიური პრინციპების მიმდევრები არიან – მთავარია მონაწილეობა!

გიგი ძალიან გახარებულია, ამიტომაც, არჩევნების მოგებისთანავე ქალაქში გაკრულ საკუთარ ბანერებს დაუარა და წითელ ფონზე დატანილი წარწერა: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, რატომღაც აღარ მოეწონა. მან წითელი ცისფერით შეცვალა, ლოზუნგი კი ამ სიტყვებით: „მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისათვის!“ არ დაეზარა? თუმცა, ის ხომ ყოჩაღია, ჩვენს გამო, თონეშიც კი ჩაყირავდა. მაგრამ, ეგება, ყოჩაღი რომ არ არის, იმიტომაც გადაიფიქრა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რომაა და ახლა არაფრის გაკეთებას აღარ აპირებს? მერი კი არის უკვე და… ახლა თავისუფლად შეუძლია, ცაში აფრენილი მტრედივით მოიქცეს! საინტერესოა, რას იზამენ ოპოზიციონერი დეპუტატები? ისინიც გამტრედდებიან?  თუმცა, ეს გამონათქვამი ხომ ზოგადად, პოლიტიკოსებზეა. გამოდის, რომ  ჩვენ, რიგით ამომრჩევლებს დასვრა არ აგვცდება!

ვინ იცის, რამდენი შემთხვევითი და გაუგებარი არსება  გახდა დეპუტატი!

პოლიტიუმორი თემაზე: 

ერთ-ერთი რეგიონის ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს ახალი წევრისაგან ინტერვიუს იღებს:

– თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში რეგიონიდან დედაქალაქში ინტელექტის გადინების ზრდის ტენდენციის  გამო, ლოკალური შრომის ბაზრის ინტელექტუალური პონენციალი არ იკლებს?

– ჰააა?

რატომ გაუგებარი არსება? ცნობილი ფაქტია, ასეთი კატეგორიის ხალხს კენჭისყრის დროს, რა საკითზეც გინდა, პულტზე თითს დააჭერინებ (თუმცა, საკრებულოების შემთხვევაში, უმეტესად ძველი მეთოდი, თანხმობის ნიშნად,  ხელის აწევაა კვლავ ძალაში).

პოლიტიუმორი თემაზე: 

საკრებულოში კენჭისყრის სისტემის ინსტრუქცია ისეთი ადვილად აღსაქმელია, კენჭისყრის პროცედურა იმდენად მარტივია, რომ… მას დეპუტატიც კი გაიგებს!

ჰოდა, მერე საკრებულოს ასეთ დეპუტატებთან ხალხი მივა და მათ დახმარებას სთხოვს. ისინი კვლავ მტრედებს მიბაძავენ….

პოლიტიუმორი თემაზე:

საკრებულოს წევრთან მიღებაზე მასწავლებლების დელეგაცია ჩაეწერა და დეპუტატს შეუთვალა:

– პატივცემულო, იცით, ჩვენ ძალიან გვიჭირს, ფული თითქმის არ გვაქვს!

– არა უშავს, რა პრობლემაა, ისე შემოგიშვებენ!

თუმცა, ვნახოთ, ყველაფერი წინაა, ჯერ ხომ სააკაშვილს დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომაც არ მოუწვევია. ჯერ არ სცალია, დადის, დარბის…

 პოლიტიუმორი თემაზე:

 სააკაშვილის პარიზში ვიზიტთან დაკავშირებით ევროპულმა პრესამ ოფიციალური ქრონიკა მოამზარდა:

დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ამასთან, მას გულწფელად გაუკვირდა და იკითხა, რას აკეთებდა ეს უკანასკნელი მის სასახლეში…

ივნისი 12, 2010 at 5:29 PM დატოვე კომენტარი

ბოთლებს ვიბარებ, ბოთლეეეეებს!

სიცხე და საფეხბურთლო ციებ-ცხელება „ლუდისტების“ მომრავლებას იწვევს… ვისაც ლუდი არ უყვარს, ის გამაგრილებელ სასმელს ეტანება… რა მნიშვნელობა აქვს, რას სვამ (ეგებ, არაყსა და ღვინოსაც ეწაფები), ყველა სასმელი ხომ ბოთლში ასხია. დედაქალაქის ქუჩებში იმდენი ბოთლია მიმოფანტული, სასმელების ბიზნესი აშკარად ყვავის! პლასტიკატი და მინა რომ არ დნება და არ ქრება, ყველამ ვიცით. ქალაქში კიდევ არა უშავს, დღეს იქნება თუ ხვალ, რომელიმე ნაგავსაყრელისაკენ გააქანებენ ქუჩებისა და პარკების ამ „სამშვენისებს“, მაგრამ რა ეშველება ქართულ ტყე-ველებს! ვერანაირმა პიარკამპანიამ ვერ გვიშველა! აბა როგორია, დასასვენებლად სუფთა ჰაერზე რომ გახვალ და იქაც ბოთლებისა და ნაგვის „თაიგულები“ დაგხვდება, ან თუნდაც, ასეთი „მშვენიერი“ ნაგვის „ხალიჩა“!

ერთი საინტერესო ინფორმაცია: შუშის ბოთლი ბუნებაში თურმე მილიონი წელიწადი ისე იქნება, არც არაფერი დაემართება. პლასტიკატის ბოთლების შემთხვევაში, შედარებით „უკეთესი“ სიტუაციაა, ბუნებაში სულ რაღაც 500-1000 წელს გაძლებს. პლასტიკატის ბოთლებზე კიდევ ერთი საოცარი ინფორმაცია გავიგე, თურმე, მხოლოდ აშშ-ში ამ ბოთლების წარმოებისთვის წელიწადში 18 მილიონი ბარელი ნავთობი იხარჯება!

მეტი გზა არ არის, ბოთლებს ვიბარეეეებ, ბოთლეეეეებს! რა უნდა ვუყო? გამოვიყენებ! თუ გინდათ, მომბაძეთ :)!

რა სარგებლობა მოაქვს ბოთლებს? ფანტაზია თქვი, თორემ! არ მეგონა, რომ ცარიელი ბოთლებით კუნძულებსაც კი ქმნიან! არადა, ყოველთვის მინდოდა, საკუთარი პატარა კუნძული მქონოდა! ერთმა ბრიტანელმა ეკოლოგმა საკუთარი ხელით ბოთლებისგან ასეთი მყუდრო კუნძული შექმნა!  თითქოს, მარტივია, რა უნდა, აიღებ დიდ ბადეს, გაავსებ პლასტიკატის ბოთლებით. ამ ყველაფერზე ზემოდან ფანერებსა და ბამბუკებს დააფენ და ზედ ქვიშისა და ნიადაგის ფენას დაადებ. მერე შენს პატარა კუნძულს გაამწვანებ და… ეგაა! 🙂

კი მაგრამ, სახლი არ გინდა ამ უკაცრიელ კუნძულზე? არც ესაა პრობლემა! ამ შემთხვევაში შუშის ბოთლებიც გამოგადგება და პლასტიკატისაც. ა, ბატონო, მაგალითი!

ახლა, რა უნდა ჭამო ამ უკაცრიელ კუნძულზე? ბოთლებისაგან შექმნილ სათბურში მოყვანილ ბოსტნეულზე უარს ხომ არ იტყვი? ჰოდა, ასე ააშენებ სათბურსაც!

ზღვაში იქნები და თევზი არ უნდა დაიჭირო? ასეთ ნავს ააგებ და შუა ზღვაში გახვალ! ეს არგენტინელი მეთევზეების გამოგონებაა.

p.s. კუნძულთან რა კავშირშია, მაგრამ ბოთლებისაგან შექმნილ ამ საოცრებას გვერდს ვერ ავუვლიდი. მილიონი ბოთლისაგან ტაილანდში ბუდისტური  ტაძარი ააგეს! ლუდების Heineken-ისა და Chang-ის მწვანე ბოთლებით აქ საპირფარეშოები და თქვენ წარმოიდგინეთ, კრემატორიუმიც კი არის აშენებული!

ივნისი 12, 2010 at 11:48 AM 1 comment

როგორ გამექცა მელა

რამდენიმე დღის წინ, მცხეთის მიდამოებში მელას გადავეყარე! კარგი მონადირის მონათხრობივით გამომივიდა დაწყება! არადა, სანადიროდ ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც მწყერზე და თანაც უიარაღოდ, სხვების თოფების იმედად (ისე, ერთხელ ჰაერში მასროლინეს, რომ არ მეთქვა, სანადიროდ ვიყავი თუ სასეირნოდო. რას მოვკლავდი, ერთი-ორი ფოთოლი „მოვინადირე“, სულ ეს იყო). მას მერე სანადიროდ წასვლის სურვილიც კი არ გამჩენია. ნადირობის ტრფიალი არ ვარ და რა ვქნა!

აქ იდგა მელა :)
აქ იდგა მელა 🙂

მელას დავუბრუნდები (მე კი დავუბრუნდები, მაგრამ ის ბუჩქებში ისე მიიმალა, რომ ფოტოს გადაღებაც არ გვაცალა), შიო-მღვიმიდან მოვდიოდით, მანქანიდან რომ დავინახე და ავტეხე ერთი ამბავი! მელამ თვალი თვალში გამიყარა, კარგა ხანს იდგა, არ დამფრთხალა, მერე ფოტოაპარატი რომ მივუშვირეთ, მოკურცხლა. ჩვენი ფოტომონადირეობაც კრახით დასრულდა! შედეგს კი ხედავთ!

ამ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს რა მონადირეობა ამიტყდა! მართლა, ყველას გილოცავთ! წელს ეს დღე აღინიშნება დევიზით: „მრავალი სახეობა. ერთი პლანეტა. ერთი მომავალი“.

ცნობისათვის, გაემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წლის 5 ივნისს დაწესდა, მაშინ, როცა სტოკჰოლმში გარემოს დაცვით თემატიკაზე პირველი კონფერენცია ჩატარდა.

ივნისი 5, 2010 at 12:36 PM დატოვე კომენტარი


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

ივნისი 2010
« მაისი   ივლ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

ბლოგის სტატები

  • 9,072 ჰიტი
free counters