ვანომ პარკი გაჩეხა, მერიასა და გამგეობაში ბოდავენ!

ივნისი 26, 2010 at 7:23 PM დატოვე კომენტარი

წარმოიდგინე, ქუჩაში მიდიხარ და ხედავ, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე პარკს მუშები შესევიან, ხეებს ჩეხავენ… თვალებს არ დაუჯერებ? რატომ? შენ მხოლოდ დედაქალაქის გამწვანების აქციების გჯერა, როცა ნერგებს მიწას მიაყრიან და კაბინეტებში ბრუნდებიან? ფაქტია, რომ  გურამიშვილის გამზირზე, პირდაპირ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს წინ ნაძვები და ფიჭვები უმოწყალოდ გაკაფეს! ცხადია, პოლიციის შენობის წინ ამდენი ხალხი თავისი ინიციატივით არ მივიდოდა და პარკს არ გაჩეხავდა.ეს არ იყო პატარა სკვერი, ერთი ან ორი ხე კი არ მოუჭრიათ. ნარგავები საკაოდ დიდ ფართობზე გაანადგურეს. გაზაფხულობით ეს ადგილი იებით იფარებოდა და ხეებზე ციყვები დახტოდნენ, მაგრამ ციყვები ვის დაჰკარგვია, როცა საქმე გაცილებით „დიდ მიზნებს“ ეხება. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა არაპოპულარულ ნაბიჯს სიბნელეში, შუა ღამით დგამენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, ხეების გაჩეხვა ღამის საათებში დაიწყეს… თუმცა, თანმიმდევრულად მოგიყვებით.

ბუნებრიავია, დავინტერესდი, რატომ გაჩეხეს ხეები. მე რომ ჟურნალისტური წესების თანახმად, ინფორმაციის მისაღებად, რომელიმე უწყების პრესსამსახურისათვის დამერეკა, კარგა ხანს მომიწევდა ლოდინი, ამიტომაც, ინფორმაციის მოპოვების გაცილებით მარტივ ხერხს მივმართე. როცა ხედავ, ტყეს ჩეხავენ, პირველი რა გაგახსენდება? რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრო. ამიტომაც, ამ უწყების ცხელ ხაზზე დავრეკე, თუმცა ეს ცხელი ხაზია თუ ნდობის ტელეფონი, ვერ გავიგე. თითქოს შეშფოთდნენ (ევროპასავით) და ჩვენ რა, ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ ალბათ ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, იმათ მიმართეთო… ესე იგი, თბილისი გარემოს დაცვის სამინისტროს მმართველობაში არ შედის. ამ ლოგიკით, ყველა ქალაქს თავისი მმართველი ჰყავს, ყველა სოფელს – გამგებელი და მაშინ, გარემოს დავცის სამინისტრო რას აკეთებს?!

რადგანაც გარემოს დაცვის სამინისტრო გურამიშვილის გამზირს არ იცავს, მერიის ცხელ ხაზზე დავრეკე. მერიის ცხელი ხაზის ოპერატორმა გოგონამ მომისმინა და დაასკვნა, ეს თემა ზედამხედველოს საქაქალაქო სამსახურს ეხებოდა. ინფორმაციის მისაღებად, მათთან დამაკავშირა. თუმცა, როგორც ეტყობა, „ზედამხედველები“ ისე არიან ზედამხედველობით გართულები, რომ ძალიან იღლებიან და სამსახურში დღის პირველ ნახევარში არ ცხადდებიან. ფაქტია, მათთან ზარს არავინ უპასუხა. მეტი რა გზა იყო, მერიაში კიდევ ერთხელ დავრეკე, ახლა სხვა ოპერატორმა მიპასუხა და მასაც ავუხსენი, რომ გურამიშვილზე პარკს ჩეხავდნენ.

გოგონამ უცნაური კითხვა დამისვა: „ეს სკვერი ჩვენი გაკეთებულია?“ (სიტყვა „ჩვენი“ იცით როგორი ტონით თქვა? აი, იმ ადამიანის ტონით, წელთაღრიცხვა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომ ეწყება). მას შევახსენე, რომ პარკი პარკია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ამოჩიჩქნა მიწა ხის დასარგველად, მიშამ თუ გრიშამ… კიდევ კარგი, ოპერატორი დამეთანხმა და დამპირდა, ყველაფერს გაარკვევდა. ცოტა ხანში კარგად დალაგებული და ჩამოყალიბებული პასუხი მივიღე: თურმე, ამ პარკში მდგარი წიწვოვნების მტვერი სხვა ნარგავებს მტვერავდა, რაც არ შეიძლებოდა (ეს პასუხი კარგად დაიმახსოვრეთ!).

დავინტერესდი, ვისგან მიიღო მერიის ცხელი ხაზის ოპერატორმა ესოდენ ბრძნული განმარტება, საეჭვო იყო, საკმაოდ ჯანსაღ ნაძვებსა და ფიჭვებს რამე პრობლემა შეექმნათ, მით უმეტეს, რომ ეს გამოხშირვა კი არ იყო, არამედ, ხეები პირწმინდად გაკაფეს.

ოპერატორმა გამიმხილა, რომ ასე გლდანი-ნაძალადევის გამგეობაში დაკვალიანეს. მეც გამგეობას დავუკავშირდი. იქ ქალბატონმა მიპასუხა, რომელსაც როგორც კი გურამიშვილის გამზირი ვუხსენე, მაშინვე დაიძახა, იმაზე რეკავენო და ჩოჩქოლის ხმა მომესმა. ქალბატონმა, ახლავეო და… მგონი მთელმა გამგეობამ იმ ვერსიის დამუშავება დაიწყო, რომლითაც მათ თავიდან უნდა მოვეშორებინე. თუმცა, ტყუილიც კი არ ეხერხებათ – მერიაში თუ ყველაფერი მტვერს დააბრალეს, გამგეობაში ახალი ვერსია შემომთავაზეს. მოპასუხედ კვლავ ეს ქალბატონი აიჩიეს (ალბათ, მდივანი იყო) და მახარეს, რომ თურმე, ამ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კოლექტორია შესაკეთებელი, მის გასარემონტებლად ტექნიკა ვერ შედის და ხეების გაკაფვაა საჭირო.

რა უნდა იფიქრო, როცა 5 წუთში ჩვენება იცვლება? ესე იგი, იტყუებიან! მე ვინმე კომპეტენტურთან დაკავშირება მოვითხოვე და ჩემს თანამოსაუბრე ქალბატონს ძლივს გავაგებინე, რას ნიშნავს სიტყვა კომპეტენტური. როგორც იქნა, ხანგრძლივმა ახსნა-განმარტებამ შედეგი გამოიღო და აპარატის უფროსთან, ბესიკ არველაძესთან გასაუბრების პატივი მერგო. მდივანი ქალი აშკარად ამ კაცმა დაარიგა, მანაც ზუსტად იგივე პასუხი გამცა და თანაც, პასუხისმგებლობა რომ აერიდებინა, მითხრა,  ეს გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ გამოიტანაო. ამ კომისიის წევრთან დაკავშირებაც მოვითხოვე და… აქ დაუშვეს ყველაზე დიდი შეცდომა –  კომისიის წარმომადგენელი ბეჟან ნონიკაშვილი გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. მან დამიდასტურა ინფორმაცია, რომ ხეები, რომელიც გაჩეხეს, სრულიად ჯანსაღი იყო, მანაც ისაუბრა იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე კოლექტორი გადის, თუმცა, როდესაც ამ კოლექტორს მოაწესრიგებენ,  ხეებისაგან გაცარიელებულ ადგილას პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობა უნდა აშენდეს.

აი, რატომ იყო ეს საკითხი ასეთი გასაიდუმლოებული და რატომ შეთხზეს ათასი სისულელე. ბატონი ბეჟანისაგან ისიც შევიტყვე, რომ მათი კომისიის თამჯდომარე (ეს ის კომისიაა, რომელიც ავარიული ხეების მოჭრის საკითხს წყვეტს) გამგებლის მოადილე ვალერი ნინიკელაშვილია. ნინიკელაშვილი თურმე ამ ტერიტორიაზე ღამით მიიყვანეს და ხელიც მოაწერინეს ნებართვაზე, რომ პარკი გაჩეხილიყო.

ვალერი ნინიკელაშვილსაც დავუკავშირდი.  თავიდან მას არ გავუმხილე, რომ ვიცოდი, პარკს პოლიციის შენობა როგორ ამჯობინეს. ნინიკელაშვილმაც ძალიან დამაჯერებელი ტონით დამიწყო საუბარი იმაზე, რომ აქ კოლექტორი გადის, მისი შეკეთებაა საჭირო. თუმცა, კითხვაზე, თუ რა იქნება კოლექტორის შეკეთების მერე, გამგებლის მოადგილე „გაიჭედა“. ახლა მას პოლიციის შენობა ვუხსენე, ძალიან აღელდა. მან ეს კატეგორიულად უარყო. შევაპარე, რომ ეს ინფორმაცია მისივე კომისიის რიგითმა წარმომადგენელმა მომაწოდა, ამიტომაც სხვა ტაქტიკა აირჩია, ხეების გაჩეხვის ნებართვა კოლექტორის გამო გავეცი და პოლიციის ასაშენელად კი არაო. ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რომ გამგებლის მოდგილემ არ იცის ის, რაც იციან მისმა ქვეშევრდომებმა.

და მაინც, ხომ უნდა დამეზუსტებინა, მართლა აშენდება თუ არა აქ პატრულების ახალი, გამჭვირვალე შენობა? ამჯერად, თავად პოლიციას დავუკავშირდი და…  გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარ სამმართველოში დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ მალე ახალ შენობაში გადავლენ, თან ისიც დაამატეს, რომ არაფრის გარკვევას აზრი არ აქვს, ოფიციალური დოკუმენტები წესრიგშია და ხეების გაჩეხვაც – კანონიერი. დოკუმენტებს რომ მოაწესრიგებდნენ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ბოლოსდაბოლოს, აქ ხომ ვანოა მშენებელი, ის ვანო!

Advertisements

Entry filed under: ეკო-ლოგიკა.

ციფრები აფრიკიდან ზუგდიდელები ქალაქში ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

ივნისი 2010
« მაისი   ივლ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

ბლოგის სტატები

  • 9,065 ჰიტი
free counters

%d bloggers like this: