Archive for ივლისი, 2010

საჰაერო გზებით მოპარული ხეები

ხვალ ტყეში მივდივარ, იმედია, ხეები ადგილზე დამხვდება! ისეთი კატასტროფული სისწრაფით ჩეხავენ, არც უნდა გამიკვირდეს, რომ კუნძების „ტყე“ დამხვდეს. დღეს ოფიციალურად შეგვატყობინეს, რომ ვიღაცებმა ტყის ხარჯზე მაგრად იხეირეს, სამაგიეროდ, სხვა დანარჩენები ასევე მაგრად დავზარალდით. გარემოს დაცვის სამინისტრო მგონი, ფინანსთა სამინისტროს ბაძავს, მხოლოდ ფულის თვლითაა დაკავებული. გარემოს დაცვის ინსპექციისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსებმა „გვახარეს“, რომ კახეთის რეგიონში კანონი დაირღვა და გარემოს 700 000-მდე ლარის ზიანი მიადგა. tree სატყეო და ლიცენზიით გაცემულ უბნებზე სამინისტრომ ინსპექტირება ჩაატარა და თელავის მეათე სარეინჯეროს შემოწმების შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოავლინა.  რა დანაკარგზეა საუბარი? 3 211 ძირი ფოთლოვანი ხე უკანონოდ მოჭრილი აღმოჩნდა. კოლეგებს თელავის მეცხრე სარეინჯეროს თანამშრომლებმაც მიბაძეს და მათაც ათასობით ხე გამოზიდეს ტყიდან.  სამინისტროში კი აცხადებენ, რომ  თელავის სატყეო უბნის ორი რეინჯერია სამსახურიდან გათავისუფლებული, მათ საქმეებს სამართადამცავები სწავლობენ, მაგრამ აქამდე სად იყვნენ?

„მინდა ყველა რეინჯერი გავაფრთხილო,  გარემოს დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები ვეღარ აიტანს უგულისყურო რეინჯერებს. მკაცრი კონტროლი გაგრძელდება, ჩვენ ერთი წუთით არ ვაპირებთ ყურადღების მოდუნებას. თითოეულმა მათგანმა უნდა დაიცვას ტყის ის ფართობი, რომელიც ჩააბარა სახელმწიფომ”, – განაცხადა სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე პაპუნა ხაჩიძემ.

პაპუნა ხაჩიძისა და მისი უწყების თანამშრომლებთან ერთად, სხვა სამართალდამცავებსაც მივმართავ: დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ათასობით მორი რომ იჭრებოდა, საჰაერო გზებით გადიოდა გასაყიდად, თუ რაშია საქმე? კარგად გამოიძიეთ ბატონებო, სანამ ათასობით ხეს მოჭრიან, იქამდე მიხედეთ (აკი, ამბობთ, ყურადღების მოდუნებას არ ვაპირებთო. ესაა თქვენი ყურადღება?), თორემ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენს ტყეებს უჩინმაჩინები არიან შესეულები და იქაურობას ჩუმად ანადგურებენ!

Advertisements

ივლისი 10, 2010 at 5:35 PM 1 comment

რას გვიშველის აქტი, მომხდარია ფაქტი!

რა ხდება გლდანი–ნაძალადევის რაიონში, უნდათ იქაურობა უდაბნოს დაამსგავსონ? გურამიშვილის გამზირზე პარკის გაჩეხვაზე უკვე ვწერდი, ახლა ნაჯახიან კაცებს თბილისის ზღვისაკენ გადაუნაცვლებიათ.

„მწვანე გაზეთის“ ინფორმაციით, თემქის სარეკრეაციო ზონაში, პლაჟზე ჩამავალ ფერდობებზე ადგილობრივები მოჭრილ ხეებს პოულობენ. კაცი ამ ადგილზე ხეს მოჭრის?

„ზოგჯერ ხეები მოჭრილი და გატანილია, ახლად მოჭრილი მორების გარდა, მანქანის კვალიცაა დარჩენილი. ზოგჯერ ხეები გატანილიც არაა“, – აცხადებს გეოგრაფი ნინო ლომიძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით, CENN გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხს გარემოს დაცვის ინსპექცია ადგილზე შეისწავლის და აქტსაც შეადგენს. დიდი შეღავათია! რას გვიშველის აქტი, მომხდარია ფაქტი!

გლდანი–ნაძალადევის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციით, ხეების მოჭრაზე ოფიციალური ნებართვა გაცემული არ არის.

„ინფორმაცია კომპეტენტურ პირთან გადავამოწმე. ხეების მოჭრაზე ნებართვის მოთხოვნით გამგეობისთვის არავის მოუმართავს“, – ამბობს სანზონის საუბნო სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა მიქანაძე.

ასეა, ვისაც ხის მოჭრა უნდა, ყველა ნებართვის ასაღებად კი არ გარბის? სანამ ხეს მოჭრიან, იქამდე უნდა შეაჩერო ნაჯახიანი კაცები, თორემ გადაჩეხეს ყველაფერი!

ივლისი 9, 2010 at 12:01 PM დატოვე კომენტარი

ზუგდიდელები ქალაქში ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ

ამ სტატიას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლიდი. სტატიის ავტორი ჩემი კოლეგა, ინგა გვასალიაა და ის humanrights.ge–ზე გამოქვეყნდა.

რამდენიმე  კვირაა,  ზუგდიდში ხეების მასობრივი გაჩეხვა დაიწყო, რამაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მწვავე პროტესტი გამოიწვია.

თავის დროზე ლევან დადიანმა ზუგდიდში იშვიათი ჯიშის ხეები დარგო.  სამეგრელოს დედოფალმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულმა ეკატერინემ  საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნერგებით გააშენა უმშვენიერესი ბაღი, რომელიც დღემდე ზუგდიდელების სიამაყეა. დღეისთვის ეს სიამაყე საფრთხის წინაშეა – ბაღში არსებული ათობით ასწლოვანი ხე ორიოდე წლის წინ მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით გაიჩეხა და მის ნაცვლად უცხოეთიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული ნერგები დარგეს.

„კონსერვატიული პარტიის“ ზუგდიდის რაიონული ბიურო გამგეობის წამოწყებას ეწინააღმდეგება. მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი კობა ვაზგანავა ამბობს, რომ ხელისუფლება დადიანისეული ბაღის გაჩეხვას და ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას გეგმავს.

„ხეების გაჩეხვა ვანდალიზმია. ისინი წლებია, ამშვენებენ ქალაქს. მათ ნაცვლად კი უცხოეთიდან ჩამოიტანეს პატარა ბუჩქები და მას რგავენ. საბიუჯეტო თანხები იხარჯება ამ ნერგებში. ამ დროს, ჩვენს ქვეყანაში იზრდება ათასობით ჯიშის მცენარე. მიკვირს, რატომაა გამგეობა დაინტერესებული, მაინცა და მაინც სხვა ქვეყანაში შეიძინოს ნარგავები. საქმე ისაა, რომ გამგეობას უნდა, მოჭრას ხეები, რათა უცხოეთში (არავინ იცის, ვის საკუთრებაში არსებულ კომპანიაში) 500 დოლარად იყიდოს თითო ნერგი. ეს ყველაფერი, შესაძლოა, ვიღაცის გამდიდრებას, ჯიბის გასქელებას ემსახურებოდეს. მინდა, მოგაწოდოთ ერთი საინტერესო ინფორმაციაც. როგორც შევიტყვეთ, იგეგმება ზუგდიდის დადიანისეული ბოტანიკური ბაღის გარკვეული ტერიტორიის გაჩეხვა და გამოთავისუფლებულ ადგილზე სასტუმროს აშენება. ზუგდიდის მოსახლეობამ არაფრით უნდა დაუშვას მსგავსი რამ“, – აცხადებს კობა ვაზგანავა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ კი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ბულვარში, ორ ყველაზე მაღალ ხეზე გაბმულ ჰამაკში შიმშილობის აქცია დაიწყო. იგი შიმშილობის დაწყების მიზეზად, ბულვარის გაჩეხვის თაობაზე გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს.  მიქაიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანამადე რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო მანიფესტაცია გამართეს და მთავრობას ქალაქში 2 თვის წინ დაწყებული ხეების მასობრივი გაჩეხვის შეწყვეტა მოსთხოვეს.

ზუგდიდის მკვიდრი მარინა ბაძაღუა ამბობს: „გამგეობა მოსახლეობას ტოვებს ჰაერის გარეშე. ამოძირკვეს და მოჭრეს დიდი ხეები, რომლებიც არ იყო არც გამხმარი და არც რაიმე საფრთხეს ქმნიდა. იტალიიდან და გერმანიიდან ჩამოიტანეს დაფნის ძირები და მთელ ქალაქში რგავენ. პირველ რიგში წინააღმდეგი ვარ რაც ხდება, მაგრამ, თუკი ძველი ხეები მაინც მოჭრეს, ნერგები საქართველოში არ არსებობს? იტალიიდან რატომ უნდა შემოიტანონ?“

ზუგდიდის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რაიონის მუნიციპალიტეტის პარტნიორმა, გამწვანების კომპანია შპს „კოლხი პეიზაჟის“ დირექტორმა ბესიკ ჭითანავამ კი გვითხრა, რომ ხეები მხოლოდ საზოგადოებისთვის საფრთხის აცილების მიზნით მოჭრეს. ხოლო იტალიიდან ერთი ნერგის ჩამოტანა (რომელიც მოჭრილ მარადმწვანე ხეებს ჩაანაცვლებს) სახელმწიფოს 32-დან 350 ევრომდე უჯდება: „მოჭრილი ხეები აზიანებდა სამანქანო ტრასას და მოსახლეობის სავალ ნაწილს. რამდენიმე თვის წინ, ძლიერი ქარის დროს, ერთი ასეთი ხე გადატყდა და ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამბობენ, თითქოს ჩვენ უცხოეთში ვყიდულობთ დაფნის ნერგებს. ეს დაფნა არ არის. ეს არის მარადმწვანე მუხა და ჩამოტანილია იტალიის ერთ–ერთი სანერგიდან, რომელსაც ჩვენ ვენდობით. მარადმწვანე მუხის ერთი ნერგი სახელმწიფოს 350 ევრო, ბუჩქები 32 ევრო, ხოლო ფიჭვი 45 ევრო უჯდება. ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტიდან ქალაქის გამწვანებისთვის გამოყოფილია წელიწადში 191 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 197 000 ლარი. დარწმუნებული ვარ, 100 წლის შემდეგ ჩემს მიერ დარგული ხე არავის შეუქმნის პრობლემას“.

ქალაქის ცენტრში, გამგეობას რიგითი მოქალაქეებიც დაუპირისპირდნენ. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მოძრაობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ზუგდიდელები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

„ვუერთდები „დაიცავი საქართველოს“ მოთხოვნას. თუ კიდევ ერთი ძირი ხე მოიჭრება, არ ვაპატიებთ გამწვანების სამსახურს. უძველესი ხეები სამარცხვინო ნერგებით ჩაანაცვლეს. ყველა ზუგდიდელს მოვუწოდებ, შეეწინააღმდეგონ გამგეობის ამ საქციელს. ეს ალიკა ქობალია – ზუგდიდის გამგებელი, მთლად ნორმალური არ უნდა იყოს! აბა, საღად მოაზროვნე პიროვნება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს?!“ – აცხადებს დალი ლატარიამ. მას არც ჟურნალისტი კლარა აბრამია ჩამორჩა: „ეს ხეები ზუგდიდის ფილტვებია. თუ გაბედავს ხელისუფლება და  ბულვარის გაჩეხვასაც დაიწყებს, ხალხი უნდა აჯანყდეს. ადგილობრივი მთავრობა უსუსური და უუნაროა და ასრულებს ცენტრალური ხელისუფლების უგუნურ დავალებას“.

„დაიცავი საქართველოს“ ბრალდებებს ბესიკ ჭითანავა სერიოზულად არ აღიქვამს: „ყველა ჭორს არ დაუჯეროთ! ბულვარის გაჩეხვას არავინ აპირებს. მეგრელებისთვის დიდ ღირებულებას წარმოადგენს ბულვარი და ბოტანიკური ბაღი. თუ ეს ტერიტორია გავჩეხეთ, მაშინ რაღას დავტოვებთ ქალაქში?! სამუშაოები უკვე დასრულებულია. კეთილმოწყობის სამსახურმა მოჭრა დაზიანებული ხეები და მის ნაცვლად დავრგეთ იტალიური ნერგები. ეს იყო სულ მთელი ამბავი“.

ივლისი 1, 2010 at 12:08 PM 3 comments


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

ივლისი 2010
« ივნ   აგვისტო »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

ბლოგის სტატები

  • 9,072 ჰიტი
free counters